წლების განმავლობაში, განათლების ხარისხი აკადემიური შედეგებით იზომებოდა – ნიშნებით, გამოცდებითა და უნივერსიტეტებში ჩარიცხვით. თუმცა, დღეს ბავშვები იზრდებიან სწრაფად ცვალებად, მაღალი წნეხითა და ციფრული სტიმულებით გაჯერებულ სამყაროში, სადაც ყურადღების შენარჩუნება, ემოციური სტაბილურობა და ფიზიკური აქტიურობა ყოველდღიური გამოწვევაა. სულ უფრო ცხადი ხდება, რომ მხოლოდ აკადემიური წარმატება აღარ არის საკმარისი – წარმატებული ცხოვრება უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.
ამ კონტექსტში განსაკუთრებით ღირებულია პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული განათლება, იგივე ჰოლისტური განათლება – სწავლების მოდელი, რომელიც ტრადიციული განათლების სისტემის ერთგვარი ევოლუციაა.
ტრადიციული განათლების ხარვეზები
გლობალური პროგრესის მიუხედავად, განათლების სისტემების უმრავლესობა კვლავ ეყრდნობა მოდელებს, რომლებიც ბავშვის სრულყოფილ განვითარებას ნაკლებად ითვალისწინებენ: პასიური სწავლების ხანგრძლივი საათები, შეზღუდული ფიზიკური აქტივობა და არასათანადო ყურადღება ემოციურ კეთილდღეობაზე. პარალელურად, მოსწავლეები მეტ დროს ატარებენ ეკრანებთან, იზრდება შფოთვა, რთულდება სტრესის მართვა, სოციალური კავშირების დამყარება და გუნდური მუშაობა.
„სკოლების უმეტესობა აგებულია კონტროლისა და დისციპლინის პრინციპებზე. ისინი არ ითვალისწინებენ, როგორ ვითარდება ბავშვი რეალურად“ – არსებულ ტენდენციას ასე აღწერს ტროი ფილმანი, განათლების ექსპერტი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ამერიკაში სკოლების განვითარებასა და ტრანსფორმაციაზე.
შედეგად ვიღებთ სისტემას, რომელიც, ხშირად, უგულებელყოფს ადამიანის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს – იმ დროს, როცა ყალიბდება ხასიათი, ჩვევები და ცხოვრებისეული ქცევის მოდელები.
„დღეს მოსწავლეები არიან ისეთი გამოწვევების წინაშე, რასაც ადრე სათანადოდ არ ვითვალისწინებდით. სკოლებმა უნდა ასწავლონ მათ ამ წნეხებთან გამკლავება – არა მხოლოდ აკადემიურად, არამედ პიროვნულადაც“ – აღნიშნავს რიკარდ ლასენი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე განათლების სპეციალისტი და გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის ყოფილი დირექტორი.
ჰოლისტური ანუ პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული განათლება
ჰოლისტური განათლება ბავშვებს ცხოვრებისთვის ამზადებს. ის სცდება მხოლოდ აკადემიურ მიღწევებს და ორიენტირებულია დაბალანსებულ განვითარებაზე, რომელიც გრძელვადიან შედეგს განაპირობებს. ეს მოდელი სამ მთავარ მიმართულებას მოიცავს:
- ფიზიკური კეთილდღეობა – მოძრაობა, კვება, ენერგია და გამძლეობა
- მენტალური და ემოციური მდგრადობა – კონცენტრაცია, სტრესის მართვა, თვითშემეცნება
- სოციალური და ხასიათის განვითარება – ურთიერთობები, პასუხისმგებლობა და ადაპტაციის უნარი
მნიშვნელოვანია, რომ ჰოლისტური მოდელი არის განათლების არა „დამატებითი კომპონენტი“, არამედ მყარი საფუძველი, რომელიც აკადემიურ წარმატებას უფრო რეალურსა და აზრიანს ხდის.
JBS – პირველი სკოლა, რომელიც საქართველოში ჰოლისტური განათლების მოდელს ამკვიდრებს
საქართველოში მცხოვრები ბავშვებისთვის განათლების ინოვაციური სტანდარტი JBS სკოლაში ინერგება. საგულისხმოა, რომ JBS ანუ ჯანო ბაგრატიონის სახელობის სკოლა ლეგენდარული ქართველი სპორტის ოსტატისა და ახალგაზრდების გულშემატკივრის სახელს ატარებს. JBS სკოლის სწავლების ჰოლისტური მოდელი აერთიანებს ძლიერ აკადემიურ პროგრამას, ასაკთან შესაბამის სპორტულ მომზადებას და მიმართულია ყოველდღიური კეთილდღეობისა და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ღირებულებების დამკვიდრებისკენ.
JBS სკოლაში თითოეული სასწავლო დღე აგებულია დინამიურ და დაბალანსებულ რიტმზე.
- აკადემიური სწავლა მუდმივად ერწყმის მოძრაობასა და შემოქმედებით აქტივობებს.
- ფიზიკური განვითარება არის ყოველდღიური გამოცდილების ნაწილი და არა იშვიათი აქტივობა.
- კეთილდღეობის კომპონენტები ინტეგრირებულია კვებაში, სხეულის მართვასა თუ აღდგენაში.
„ჩვენ არ ვქმნით უბრალოდ სკოლას – ჩვენ ვქმნით ადამიანის განვითარების სისტემას” – აღნიშნავს ტროი ფილმანი, რომელმაც JBS სკოლის ყოვლისმომცველი პროგრამა და განათლების მოდელი შეიმუშავა.
JBS სკოლის ყოველდღიური პრაქტიკა აყალიბებს ხასიათს, რომელიც განსაზღვრავს ცოდნის წარმატებით გამოყენებას რეალურ ცხოვრებაში. მოსწავლეები გამძლეობას სწავლობენ გამოწვევების გადალახვით, პასუხისმგებლობას – ყოველდღიური მოლოდინების შესრულებით, ხოლო ურთიერთობებს – თანამშრომლობით და არა კონკურენციით.
„ბავშვები არიან უფრო დაბალანსებულები და ცხოვრებისთვის უკეთ მომზადებულები მაშინ, როცა იზრდებიან გარემოში, სადაც მათ პიროვნებას სრულყოფილად აღიქვამენ” – აღნიშნავს რიკარდ ლასენი, რომელიც JBS სკოლის საბჭოს წევრია.
როგორც რიკარდ ლასენი ამბობს, მთავარია არა შეზღუდვა, არამედ ცნობიერება. შესაბამისად, JBS სკოლაში ბავშვები სწავლობენ, რატომ არის მნიშვნელოვანი ჯანსაღი ჩვევები, როგორ მართონ საკუთარი პოტენციალი და დამოუკიდებლად მიიღონ უკეთესი გადაწყვეტილებები.
პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირების პარალელურად, JBS სკოლა დაფუძნებულია საერთაშორისოდ აღიარებულ აკადემიურ სტანდარტებზე. მოსწავლეები სწავლობენ ორენოვან პროგრამას (ქართული და ინგლისური), რომელიც შესაბამისობაშია წამყვან გლობალურ საგანმანათლებლო სისტემებთან და ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას, გააკეთონ არჩევანი საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომსა და ამერიკული სკოლის ატესტატს შორის.
„ჩვენ გვინდა, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ წვდომა ყველგან და, ამავდროულად, იყვნენ მყარად დაკავშირებულნი საკუთარ კულტურასთან“ – აღნიშნავს ტროი ფილმანი.
ჰოლისტური მოდელი არის განათლების ახალი სტანდარტი, რომელიც აძლიერებს აკადემიურ შედეგებს და ამზადებს ბავშვებს ცხოვრებისთვის, რათა მათ უკეთ შეძლონ წნეხთან გამკლავება, ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბება, ურთიერთობების შექმნა და ადაპტაცია მუდმივად ცვალებად სამყაროში.