Homeრატომ შეიქმნა JBS სკოლა – განათლების ახალი ხედვა მომავალი თაობისთვის Uncategorizedრატომ შეიქმნა JBS სკოლა – განათლების ახალი ხედვა მომავალი თაობისთვის 

რატომ შეიქმნა JBS სკოლა – განათლების ახალი ხედვა მომავალი თაობისთვის 

ყველა თაობა იმსახურებს განათლებას, რომელიც მათ არა მხოლოდ გამოცდებისთვის, არამედ ცხოვრებისთვისაც შეამზადებს – სწორედ ეს პრინციპი უდევს საფუძვლად JBS სკოლას, რომელიც პირველ მოსწავლეებს 2026 წლის სექტემბერში მიიღებს.

წლების განმავლობაში, მსოფლიოს სასკოლო სისტემების ძირითადი ყურადღება აკადემიურ წარმატებას ეთმობოდა. ხშირ შემთხვევაში, იგნორირებული იყო ბავშვის განვითარებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი ისეთი ასპექტები, როგორიცაა ფიზიკური ჯანმრთელობა, ემოციური გამძლეობა, შემოქმედებითობა, თანამშრომლობა თუ მორალური ღირებულებები.

მაგრამ დღეს, ბავშვები განსხვავებულ სამყაროში იზრდებიან. ტექნოლოგიურ ცვლილებებთან და გლობალურ კონკურენციასთან ადაპტაციას სჭირდება ახალი ტიპის განათლება, რომელიც ადამიანის გონებას, სხეულსა და ხასიათს მრავალმხრივ ავითარებს. 

საქართველოში მცხოვრები ბავშვებისთვის განათლების ინოვაციური სტანდარტი JBS სკოლაში ინერგება. საგულისხმოა, რომ JBS ანუ ჯანო ბაგრატიონის სახელობის სკოლა ლეგენდარული ქართველი სპორტის ოსტატისა და ახალგაზრდების გულშემატკივრის სახელს ატარებს. ჯანო ბაგრატიონის ცხოვრებისეულ და პროფესიულ გამოცდილებასთან თანხვედრაშია სკოლის მისია – შექმნას გარემო, სადაც განათლება და სპორტი თანაბრად მნიშვნელოვანია ადამიანის პიროვნული განვითარებისთვის.  სწავლების ჰოლისტიკური მოდელი აერთიანებს ძლიერ აკადემიურ პროგრამას, ასაკთან შესაბამის სპორტულ მომზადებას და მიმართულია ყოველდღიური კეთილდღეობისა და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ღირებულებების დამკვიდრებისკენ. შედეგად, ბავშვებს ექნებათ წვდომა საგანმანათლებლო გამოცდილებაზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც. 

ჯანო ბაგრატიონის მემკვიდრეობა გრძელდება

სკოლა სიამაყით ატარებს სახელს ადამიანისა, რომელსაც ღრმად სწამდა, რომ სპორტსა და განათლებას აქვს დიდი ძალა ახალგაზრდების ჩამოყალიბების პროცესში. ჯანო ბაგრატიონის – როგორც მწვრთნელისა და სპორტის ოსტატის – ცხოვრება და საქმე დიდწილად მიმართული იყო სპორტის მეშვეობით ახალ თაობაში დისციპლინის, გამძლეობის, გუნდური მუშაობისა და ურთიერთპატივისცემის გავრცელებისკენ. მისი ფილოსოფია მჭიდროდ ეხმიანება იმას, რასაც თანამედროვე საგანმანათლებლო კვლევებიც ადასტურებს – ფიზიკური, გონებრივი და ემოციური განვითარება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

სკოლისთვის ჯანო ბაგრატიონის სახელის დარქმევით, დამფუძნებლებს სურდათ არა მხოლოდ მისი მემკვიდრეობის პატივისცემა, არამედ მისი ხედვის გაგრძელებაც – დაეხმარონ ახალგაზრდებს გახდნენ უფრო ძლიერი, გონიერი და მიზანსწრაფული პიროვნებები.

განსხვავებული სკოლა 

JBS სკოლის შექმნის იდეა ერთი მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი დაკვირვების საფუძველზე გაჩნდა: ხშირად, ტრადიციული სკოლები ბავშვების განვითარების სრულყოფილ მხარდაჭერას ვერ უზრუნველყოფენ. ბევრი მოსწავლე დღის უმეტეს ნაწილს მერხთან ატარებს და გაკვეთილებს შორის იშვიათად გადაადგილდება. ფიზიკური აქტივობა შეზღუდულია, შემოქმედებითობა – მეორეხარისხოვანი, ემოციური განვითარება კი იშვიათად არის გათვალისწინებული.

საგანმანათებლო სისტემაში არსებული ეს სიცარიელე ხილული იყო ლევან ახვლედიანისთვისაც – სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებლისთვის, რომელსაც სწორი საერთაშორისო განათლების მიღების დიდი გამოცდილება აქვს. 

“ჩვენი მიზანი იყო, საქართველოშიც შეგვექმნა გარემო, სადაც თანაბრად ზრუნავენ ბავშვის გონების, სხეულისა და ხასიათის განვითარებაზე. ეს არ უნდა ყოფილიყო რიგითი ახალი სკოლა. ეს უნდა ყოფილიყო გარემო, სადაც ბავშვები შეუპოვარ და თავდაჯერებულ ადამიანებად ყალიბდებიან” – ლევან ახვლედიანი.

სკოლის თანადამფუძნებელი და, ამავდროულად, ჯანო ბაგრატიონის შვილიშვილი ირინა ადეიშვილი JBS სკოლის შექმნის სიკეთეებს მშობლის პერსპექტივიდანაც ხედავს. დედობის გამოცდილების ფარგლებში, მას უშუალო შეხება ჰქონია იმ ხარვეზებთან, რასაც არსებულ სასკოლო სისტემებში მოსწავლეები აწყდებიან. 

“სკოლა არ არის სივრცე მხოლოდ განათლებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ გარემოში კარგი ადამიანები გაიზარდონ” – ირინა ადეიშვილი

ამ ხედვის გარშემო საერთაშორისო გუნდი გაერთიანდა – პედაგოგები, სპორტის სპეციალისტები თუ აკადემიური ექსპერტები, რომლებიც ერთ საერთო რწმენას იზიარებენ: განათლება უნდა გაუმჯობესდეს. 

ჰოლისტიკური განათლების მოდელი

იდეა სტრუქტურირებულ მოდელად საერთაშორისო განათლების ექსპერტის, ტროი ფილმანის ჩართულობით გარდაიქმნა. ტროი ფილმანი – რომელიც 30 წელზე მეტია განათლების სისტემებზე მუშაობს – თანამშრომლობდა სკოლებთან და უნივერსიტეტებთან მრავალ ქვეყანაში და ხშირად ეხმარებოდა ინსტიტუციებს პროგრამებისა და აკადემიური სტანდარტების გაუმჯობესებაში. 

მისმა მრავალწლიანმა გამოცდილებამ ქვეყნებში განმეორებადი პრობლემა გამოკვეთა – ძირითადად, სკოლები კონცენტრირდებიან მოსწავლეთა ქცევის კონტროლსა და აკადემიური მასალის გაზიარებაზე, მათი განვითარების ფართო პროცესს კი უგულებელყოფენ. 

„სკოლები არ უნდა შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებით. ისინი უნდა ფუნქციონირებდნენ როგორც ადამიანის განვითარების სისტემები – ადგილები, სადაც ახალგაზრდები სწავლობენ აზროვნებას, თანამშრომლობას, საკუთარი ჯანმრთელობის მოვლასა და ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გამკლავებას” – ტროი ფილმანი.

JBS სკოლის დამფუძნებლებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ტროი ფილმანმა შეიმუშავა ყოვლისმომცველი პროგრამა და განათლების ჰოლისტიკური მოდელი, რომელიც აკადემიურ სწავლებას, ფიზიკურ განვითარებას, ემოციურ კეთილდღეობასა და პიროვნულ აღზრდას აერთიანებს.

ახალი რიტმი: JBS სკოლის ყოველდღიური განრიგი დინამიურია. აქ გატარებული საათები არ არის მოსაწყენი და მოიცავს როგორც აკადემიურ სწავლებასა და შემოქმედებით ძიებას, ისე პიროვნულ განვითარებასა და ფიზიკურ თუ ჯგუფურ აქტივობებს. 

დღის განმავლობაში, მოსწავლეები დროს უთმობენ სპორტულ ვარჯიშსა და იოგას. კვლევებით დასტურდება, რომ ეს პრაქტიკა ბავშვების კონცენტრაციას, ემოციურ ბალანსს, მენტალურ მდგრადობასა და ზოგად ჯანმრთელობას აუმჯობესებს. წარმატებული სწავლებისთვის აუცილებელი ეს კომპონენტები JBS სკოლის საგანმანათლებლო სტრუქტურაში პირდაპირ ინტეგრირებულია. 

საერთაშორისო განათლების შესაძლებლობები: JBS სკოლის საგანმანათლებლო მოდელი ინოვაციურია, თუმცა ასევე დაფუძნებულია საერთაშორისოდ აღიარებულ აკადემიურ სტანდარტებზე. მოსწავლეები სწავლობენ ორენოვან პროგრამას (ქართული და ინგლისური), რომელიც შესაბამისობაშია წამყვან გლობალურ საგანმანათლებლო სისტემებთან და ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას, გააკეთონ არჩევანი საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომსა და ამერიკული სკოლის ატესტატს შორის. ამ შესაძლებლობების არსებობით, JBS სკოლის კურსდამთავრებულებს ექნებათ მყარი აკადემიური საფუძველი მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებზე წვდომისთვის. 

პიროვნული განვითარება: JBS სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მოსწავლის პიროვნულ აღზრდასაც. ჰოლისტიკური მოდელი ითვალისწინებს 5R-ის სისტემას, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებში ძირითადი ცხოვრებისეული ღირებულებების განვითარებას: პასუხისმგებლობა (Responsibility), მედეგობა (Resilience), ურთიერთობები (Relationships), რეფლექსია (Reflection) და დაუღალავი შრომა (Relentless Effort). ეს ღირებულებები სკოლის ყოველდღიურ კულტურაშია ინტეგრირებული – კლასებში, სპორტულ მოედნებსა თუ თანამშრომლობით პროექტებში. მიზანი ერთია – დაეხმაროს მოსწავლეებს არა მხოლოდ ცოდნის, არამედ წარმატებისთვის საჭირო აზროვნებისა და პიროვნული თვისებების განვითარებაში.

მშობლების ჩართულობა:  ბავშვები საუკეთესოდ სწავლობენ მაშინ, როცა სკოლები და ოჯახები თანამშრომლობენ და ერთსა და იმავე ღირებულებებს იზიარებენ. შესაბამისად, JBS სკოლა მიზნად ისახავს, მშობლებთან მყარი პარტნიორობის გამოცდილება სხვადასხვა ინიციატივის ფარგლებში განავითაროს. მშობლებთა განათლების პროგრამები, სპეციალისტებთან კონსულტაციები და სემინარები ოჯახებს საშუალებას მისცემს, მხარი დაუჭირონ საკუთარი შვილების წინსვლასა და წარმატებას.

მზაობა მომავლისთვის: ტექნოლოგიები, ინოვაცია და კრიტიკული აზროვნება JBS სკოლის ჰოლისტიკური განვითარების მოდელის ნაწილია. მოსწავლეები ეცნობიან მეცნიერებას, ინჟინერიას, ხელოვნებასა და მათემატიკას, რაც მათ თანამედროვე ეკონომიკისთვის საჭირო უნარების განვითარებაში ეხმარება. ბავშვები იღებენ ფინანსურ განათლებას, სწავლობენ მეწარმეობასა და რეალური სამყაროს პრობლემების გადაწყვეტას, რაც მათ ხელოვნური ინტელექტისა და ახალი გლობალური ინდუსტრიების განვითარების პირობებში აუცილებლად სჭირდებათ.

შექმნილი ახალი თაობისთვის

JBS სკოლა არის ერთგვარი სისტემა ადამიანის განვითარებისთვის. აქ სასწავლო პროგრამა, ყოველდღიური რიტმი და გარემო მომართულია იმისთვის, რომ თანაბრად გაძლიერდეს ბავშვის ცნობისმოყვარეობა, გამბედაობა, ცოდნა თუ შემოქმედებითობა. მოსწავლეები იღებენ განათლებასა და გამოცდილებას, რომელიც რეალური სამყაროს გამოწვევებს ეხმიანება. JBS სკოლა თანაბრად ავითარებს ბავშვის გონებასა თუ სხეულს და ზრდის მომავალ ლიდერებს.